...ჩემთან შეხვედრას ვიცი, ინანებ


ჩემთან შეხვედრას ვიცი ინანებ,
ქარში იმედი დავდგი კარავად,
მეოცნებე ხარ ვით ჯეირანი,
ყვავილნარი რომ ეპატარავა.

მე რა ხანია დავკარგე ფრთები,
მიწას მივანდე მუზა ეწერი,
შენ ცის მოლურჯო თვალებით ტკბები,
გაფრინდები და ვერ დაგეწევი.

ჩუმი ნაღველი ღამის სიბნელე,
მოსთქვამს ვით სისხლი დანას შემხმარი,
მე სიყვარულის ცეცხლს გავინელებ
და წავალ როგორც თარაშ ემხვარი.

არა მაქვს შიში, ბედი ჯალათი,
დამყვედრებელი ორიოდ ადლის,
სულს ვით ჭრილობას მძიმედ დავათრევ
და ვეღარ ვხედავ საკუთარ ადგილს.

იქ ვიღაც ალბათ მიმზერს ზევიდან,
სწუხს, სიდიადე დამიმარცვლია,
შენთან სიცოცხლეს ვკარი ხელი და
შენთან სიკვდილსაც არ დამაცლიან.

დანტე დარდიანი     17/12/2017
1 კომენტარი

კოდევ მინდა...

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი